სალონური საუბრები ფემინისტური ბიბლიოთეკიდან

5 დეკ 2021

4 დეკემბერს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ახლადდაარსებული ფემინისტური სამკითხველოს ვირტუალურ სივრცეში პირველი შეხვედრა გაიმართა. შევედრაზე მწერალი თამთა მელაშვილი აუდიტორიას ესაუბრა იმ წიგნებზე, რომელებიც თავად შეარჩია ფემინისტური ბიბლიოთეკისთვის შეარჩია.  

შეხვედრის დროს წარმოდგენილი იყო ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრის ქალი ავტორების წიგნები. „რაც ბავში გამიჩნდა, ნაკლებად მაქვს წიგნის კითხვის შესაძლებლობა. შემიძლია ვთქვა, რომ ქალებისთვის, რომლებიც საოჯახო საქმით არიან დაკავებული, წიგნის კითხვა არის ფუფუნება. მანამდე ამაზე არ მიფიქრია და კიდევ უფრო დავაფასე წიგნთან ზიარების შესაძლებლობა,“ - ამბობს  თამთა მელაშვილი და პარალელურად ჩვილ თინათინს აპურებს, რომლის ღუღუნ-კრუსუნი სასიამოვნოდ ისმინება „ზუმის“ შეხვედრის მონაწილეებში.

წარდგენილი წიგნები

ანა მხეიძის  „არჩევანი მე“ წარდგენისას, აუდიტორიის მონაწილეებს გაახსენდათ  გასული საუკუნის 80-იან წლებში ხელიდან ხელში  გარდამავალი „ცისკრის“ ერთ-ერთ ნომერში დაბეჭდილი მოთხრობა.  „იმ წლებში კლასიკაზე აღზრდილი ახალგაზრდებისთვის, ანა მხეიძის წერის მანერა, სადაც ის ბევრ პრობლემას ღიად ეხებოდა, უცხო და თავისუფლების განცდა იყო“,- ამბობს შეხვედრის მონაწილე რუსუდან პაჭკორია.

„ადრე გარდაცვლილ ანა მხეიძეზე და მის შვილებზე არავინ არაფერი იცის. ამ ქალის ასე ჩრდილში მოქცევა უსამართლოც მგონია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პატრიარქალური სამყარო ძალიან მარტივად ივიწყებს და აყრის მტვერს ქალ ავტორებს“,- აღნიშნავს თამთა მელაშვილი.

ეკატერინე გაბაშვილის კრებულში, მკითხველს შეუძლია სულ სხვა გაბაშვილი დაინახოს, სადაც ეკატერინე ეხება არა მხოლოდ სოციალურ საკითხებს, არამედ უსამართლობასთან ბრძოლას, მასთან გამარჯვებას და დამარცხებას; ის ეხება ქალთა საკითხებს,  წარმოაჩენს გოგოების პერსპექტივიდან დანახულ  სამყაროს,  საუბრობს ბებიის პერსპექტივიდანაც, გვანახებს დედასა და ბავშვს შორის ურთიერთობას, როგორ სწავლობენ პატარა გოგოები ზრუნვას. „უსამართლო მგონია ის, რომ გაბაშვილი ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან. მე, როგორც ერთი მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეკატერინე გაბაშვილი დაბრუნდეს სასკოლო პროგრამაში“, - ამბობს თამთა მელაშვილი.

ფონდი ”ტასოს“ მიერ შექმნილი „ქალი საბჭოთა სოფელში“ ზეპირი ისტორიების კრებულია, სადაც ბებიების გულწრფელი, შეულამაზებელი ადამიანური ცალკეული ისტორიების თხრობით გაცოცხლებულია კოლექტივიზაცია და საბჭოთა პერიოდის სხვა ტრამვული პროცესები. თამთა მელაშვილი ხაზს უსვამს ზეპირი ისტორიების მეთოდოლოგიას, როცა რეალური ადამიანები ყვებიან თავიანთი ცხოვრებიდან რომელიმე  მონაკვეთის შესახებ. ძალიან საინტერესო პროცესია, იმიტომ რომ ადამიანური ისტორიის გავლით შენ თვითონ ქმნი ქვეყნის ისტორიას, რომელიც ხალხთან მიახლოებული და ყველაზე შესაგრძნობია.  

„ჩემს სტუდენტებსაც ვეუბნები და თქვენც გეტყვით იგივეს, ჩვენი ბებიების და ბაბუების ცხოვრების უკან დგას ისტორია, რომელიც გადაჯაჭვულია ჩვენი ქვეყნის წარსულთან და კარგი იქნება თუ  მობილურის საშუალებით ჩაიწერთ მათთან ინტერვიუს და ამით შემოინახავთ ქვეყნის ისტორიას“- ეს იყო თამთას რჩევა, რომელსაც არაერთი მონაწილე გამოეხმაურა, მათ შორის ცირა კაკუბავა: ”რა კარგი რამ გვასწავლეთ, ბებია მყავს 100 წლის, რომელსაც საინტერესო ცხოვრებისეული ისტორიები აქვს და მენანებოდა მათი ხელიდან გაშვება, ხვალიდან კი შევუდგები  ჩაწერას“-თქვა მან.

ზაირა არსენიშვილის „კენჭებში“-  რეპრესირებული მშობლების შვილი და ბავშვობიდან ტრამვირებული ავტორი გვიყვება, თუ როგორ შეიძლება შიში გაუჯდეს ადამიანს გონებაში, სხეულში და დამბლა დასცეს მას. არსენიშვილი ამავე დროს გვანახებს თუ როგორ ძლევენ ადამიანები ამ შიშს, არ კარგავენ სახეს და რჩებიან ადამიანებად. მის წიგნებს ზერელედ ვერ წაიკითხავ და მათი წაკითხვის შემდეგ ხდები უკეთესი.

ეკა ქევანიშვილის  „არაფერი დედაჩემის შესახებ“- მოთხრობების კრებულია , სადაც ავტორი ეხება ძალადობის თემას. თამთა ამბობს, რომ მას გაუმართლა და გაიზარდა ისეთ ოჯახში, სადაც ძალადობა არ იყო და ეგონა ეს არსად არ იყო. „მე და ეკა ერთ სკოლაში ვსწავლობდით ამბროლაურში.  როცა მე ეკას მოთხრობა წავიკითხე, აღმოვაჩინე თუ როგორი  ძალადობა ყოფლა ჩემს პატარა ქალაქში“ -ამბობს თამთა მელაშვილი.

ფარიბა ვაფსის „დასასრულის შემდეგ“- ორი ქალის ისტორიაა, რომლებიც თეირანიდან მთავრისში მიემგზავრებიან. „ჩვენ სტერეოტიპული წარმოდგენა გვაქვს ირანზე, სადაც ქალი ჩაგრულია და მეც ასე მეგონა. ეს წიგნი სტერეოტიპული მიდგომებისგან გათავისუფლებს,“-ამბობს თამთა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ოფისები მსგავსი აქტივობებით უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას იმისთვის, რომ ერთად დავამარცხოთ ქალთა მიმართ ძალადობა.