დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში საარჩევნო მედიაცენტრები ამოქმედდა

7 სექ 2020

 „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში საარჩევნო სუბიექტებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, სადამკვირვებლო მისიებს და სხვა სამოქალაქო ჯგუფებს სთავაზობს ნეიტრალურ სივრცეებს საქართველოს ათ ქალაქში ბრიფინგების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, საარჩევნო დებატების, მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შეხვედრების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისთვის.

წინასაარჩევნო პერიოდში ქსელის ათივე ცენტრი უსასყიდლოდ უმასპინძლებს იმ ღონისძიებებს, რომელთა მიზანი კანდიდატების საარჩევნო პროგრამების, ამომრჩეველთა სიების ფორმირების, ხმის მიცემის პროცედურების და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება იქნება. სხვა საარჩევნო ღონისძიებებზე (მაგალითად, ტრენინგები, უორქშოპები, სამუშაო შეხვედრები და ა.შ.) გავრცელდება შეღავათიანი ტარიფები.

არჩევნების დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს. ცენტრები გაიხსნება დილის 7 საათიდან და დაიხურება შესაბამის ოლქებში არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ. მედიაორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს და საარჩევნო სუბიექტებს ცენტრების გამოყენება შეეძლებათ როგორც დროებით სამუშაო სივრცედ, ისე პირდაპირი ჩართვებისა და ბრიფინგებისთვის.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ცენტრებში სრულად არის დაცული სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესები სოციალური დისტანციის დაცვის და სანიტარული ნორმების გათვალისწინებით. ჩვენი სივრცეებით სარგებლობისათვის, გთხოვთ, წინასწარ შეათანხმოთ ვიზიტი ადგილობრივ კოორდინატორთან ან/და გამოიყენოთ ცენტრის დაჯავშნის ელექტრონული სისტემა https://ncce.ge/ka/book

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ აერთიანებს ათ ცენტრს ახალციხეში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, ოზურგეთში, რუსთავში, საგარეჯოსა და ქუთაისში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

გიგი მახარაძე, კოორდინატორი, ტელეფონი: 598 538 571, ელ-ფოსტა: gmakharadze@ncce.ge