ჩვენ დაგეხმარებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის რეგიონებში გავრცელებაში

7 აპრ 2020

ახალი კორონავირუსის პანდემიისა და საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეძლებისდაგვარად ბევრ მოქალაქეს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და თანმდევი ნეგატიური შედეგების შემცირების გზების შესახებ.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) უკვე რვა წელზე მეტია მუშაობს საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის გაზრდაზე. ამ დროის განმავლობაში შევხვდით და ვითანამშრომლეთ ბევრ სათემო ლიდერთან, სამოქალაქო აქტივისტთან, სოფლად და ქალაქად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ქალებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, ხანდაზმულებთან, ექიმებთან, მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, ფერმერებთან, პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებთან, ბიზნესთან და ხელისუფლების წარმომადგენლბთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მრავალწლიანი მუშაობის შედეგად ჩვენ გვაქვს განახლებული და სრულყოფილი მონაცემთა ბაზა, რომელიც აღნიშნული კატეგორიების მიხედვით არის დაყოფილი და საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრებ 15000-მდე მოქალაქეს აერთიანებს. ეს ბაზა ბენეფიციარების თანხმობით შევქმენით.

პანდემიის პერიოდში დროული, ობიექტური და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, მზად ვართ, პარტნიორ ორგანიზაციებს დახმარება გავუწიოთ ამ მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია ხმა მივაწვდინოთ იმ მოქალაქეებსაც, ვისაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტსა და სოციალურ მედიაზე ან/და არ საუბრობენ ქართულ ენაზე.

დაგვიკავშირდით, თუ გსურთ, დაგეხმაროთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებაში და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ დროულად და უსასყიდლოდ მივაწოდოთ ინფორმაცია თქვენს სამიზნე აუდიტორიას. ჩვენ ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას!


„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რეგიონული ოფისები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ საინტერესო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორცილებას, თუმცა ამჯერად ვირტუალურად! თუ გჭირდებათ დახმარება ონლაინ დისკუსიის, მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ონლაინ შეხვედრების ან/და საჯარო ლექციების ორგანიზებაში, ასევე, შესაბამისი აუდიტორიის მოზიდვასა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში, დაგვიკავშირდით და ჩვენ გაგიწევთ შესაბამის მომსახურებას, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ: info@ncce.ge 

ჩვენი რეგიონული ცენტრები შემდეგ მუნიციპალიტეტებშია განთავსებული: ახალციხე, ბათუმი, გორი, ქუთაისი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, თელავი, ზუგდიდი.

 

ატვირთული ფაილები