გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია

26 ნოე 2018


„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საქართველოს 10 ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავს:
გენდერული ძალადობის თემაზე ფილმების ჩვენება და დისკუსია სკოლის მოსწავლეთათვის;
ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე;
რეგიონული საინფორმაციო შეხვედრები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების შესახებ;
სემინარი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის სამუშაო ადგილზე სექსუალური ძალადობის პრევენციის მიზნით ეფექტური შიდა რეგულაციების შემუშავების შესახებ.
წიგნის საჯარო კითხვა - „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“.
26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ქსელის ოფისები სიმბოლურად ნარინჯისფრად მოირთვება, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანიის ოფიციალური ფერია. 
დაგეგმილ ღონისძიებებზე სპიკერებად მოწვეულნი არიან ადგილობრივი ხელისუფლების, სახალხო დამცველის აპარატის, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ და ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრის - ასოციაცია „მერკურის“ წარმომადგენლები. შეხვედრებს დაესწრებიან ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
16-დღიანი კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერებაა.
ღონისძიებები გაიმართება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოფისებში შემდეგ ქალაქებში: ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო და ქუთაისი. 
16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 1991 წლიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნის ინიციატორია „ქალთა გლობალური ლიდერობის ცენტრი“. კამპანია მოიცავს 16 დღეს 25 ნოემბრიდან და 10 დეკემბრის ჩათვლით. 25 ნოემბერი შერჩეულია, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის, ხოლო 10 დეკემბერი - როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. ამგვარად, ამ ორი თარიღის ერთობლიობა სიმბოლურად ხაზს უსვამს ურთიერთკავშირს გენდერულ ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევას შორის.