მარნეული
გიორგაძის ქ. #1
598 430339
მარნეულის ცენტრი რუსთავის ცენტრთან ერთად ემსახურება ქვემო ქართლის რეგიონს.
ქვემო ქართლის რეგიონი:
- რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები: რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული და წალკა.
- მოსახლეობა (ათასი კაცი): 432300
- ფართი (კვ.კმ.): 5889
ცენტრის სერვისები:
- დიდი საკონფერენციო ოთახი - 75 ადამიანისთვის
- მცირე საკონფერენციო ოთახი - 15 ადამიანისთვის
- მრგვალი მაგიდის შეხვედრების ოთახი 15 ადამიანისთვის;
- კვებით მომსახურება;
- ფოტო/ვიდეო გადაღება.
მარნეულის ცენტრი გაიხსნა 2012 წლის 19 აპრილს. ცენტრში გახსნის დღიდან დღემდე გაიმართა 2000-მდე შეხვედრა 36 000-მდე პირის მონაწილეობით. ღონისძიებებში მონაწილეობენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, ბიზნეს ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, ფერმერები, ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები.
ცენტრის ინიციატივით გაიმართა 160 საჯარო დისკუსია, როგორც ადგილობრივი, ასევე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე. აღნიშნული შეხვედრები ეხებოდა ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პრობლემებს, ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივებს, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ თუ განხორციელებულ ღონისძიებებს, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის: ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკომიგრანტების პრობლემებს. ცენტრში სისტემატიურად იმართება საჯარო შეხვედრები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირების მონაწილეობით, რაც ხელს უწყობს მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეთა წინაშე.
მარნეულის ცენტრმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, მათ შორის ახალგაზრდების ინტეგრაციის მიმართულებით; არაერთი შეხვედრა მიეძღვნა მათი პრობლემების განხილვას გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან ერთად, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ეთნიკური უმცირესობებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ასახვა სტრატეგიულ დოკუმენტებსა თუ სამოქმედო გეგმებში.
ცენტრმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიმართულებით. ცენტრში მუდმივად იმართება საჯარო პირების ანგარიშებისა და სამოქმედო გეგმების განხილვა. აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული არაერთი დისკუსიის შედეგად გაიზარდა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოების გამჭვირვალობის ხარისხი, დაიხვეწა მოქალაქეებთან კომუნიკაციის ფორმები. სწორედ მარნეულის ცენტრში ჩატარებული ერთ–ერთი ღონისძიების შემდეგ მოქალაქეთა მოთხოვნის შედეგად თვითმმართველობის ორგანოებმა შექმნეს საინფორმაციო ვებ–გვერდი.
ცენტრი მუდმივად უწევს ორგანიზებას მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვებს. მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ თავიანთი შენიშვნები და რეკომენდაციები გამოთქვან ბიუჯეტთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცესის შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტში წინა პლანზე წამოიწია საბავშვო ბაღების პრობლემამ. აღნიშნული საკითხების ადვოკატირებით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაინტერესების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა საბავშვო ბაღების რაოდენობა, გარემონტდა და თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა არსებული საბავშვო ბაღები.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული მდებარეობის გამო მარნეულის ცენტრი ემსახურება ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებსაც. ცენტრში სხვადასხვა აქტუალური საკითხის განსახილველად არაერთხელ შეკრებილან ქვემო ქართლის მასშტაბით მომუშავე ადგილობრივი თანამდებობის პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, ფერმერები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.
2012 წლიდან ცენტრში ფუნქციონირებს საარჩევნო მედია-ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკური პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას როგორც წინასაარჩევნო პროცესებში, ასევე არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდში. მარნეულის ცენტრი განსაკუთრებულად დატვირთულია არჩევნების დღეს და სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთაც საკუთარი ოფისები არ აქვთ მარნეულში, მთელი დღის მანძილზე ცენტრიდან უწევენ ორგანიზებას სადამკვირებლო მისიას.
მარნეულის ცენტრში ფუნქციონირებს ქალთა კლუბი, რომელიც მუდმივად ეხმიანება რეგიონში არსებულ გენდერულ პრობლემებს, გეგმავს დისკუსიებს გენდერული თანასწორობის მნიშვნელოვან საკითხებზე. კლუბი თანამშრომლობს ქვემო ქართლის მასშტაბით არსებულ მუნიციპალურ ქალთა ოთახებთან და გენდერის მიმართულებით მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან.
მარნეულის ცენტრი წარმოადგენს ერთგვარ გამაერთიანებელ სივრცეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ თემის ლიდერებისათვის, ისინი მუდმივად იკრიბებიან ცენტრში სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე სამსჯელოდ და ინიციატივის მოსამზადებლად. ცენტრში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სადაც თავს იყრის ადგილობრივი გაზეთები და სხვადასხვა გამოცემები, როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენებზე. მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ აღნიშნულ გამოცემებს. გახსნის დღიდან დღემდე ცენტრის ბიბლიოთეკით 1400–მდე მოქალაქემ ისარგებლა.
მარნეულის ცენტრმა 2015- 2016 წლებში წარმატებით ითანამშრომლა ესპანურ საკონსულტაციო კომპანია „ევოლუქსერთან“ ქვემო ქართლის მასშტაბით სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში. 2017–2018 წლებში კი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაკვეთით ჩართული იყო ქვემო ქართლის რეგიონში კამპანიაში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისათვის, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისა და გენდერული სტეროტიპების შეცვლის მიზნით.