გაიცანით 16 გმირი

გაიცანით 16 გმირი

21 დეკ 2018

ნადია მურად ბესი ტაჰა
ჯერ კიდევ 23 წლის ასაკში ნადია მურადმა კაცობრიობის ყველაზე ცუდი მხარე იხილა.
მან ნახა, თუ როგორ მოკლეს მისი ექვსი ძმა 312 კაცთან ერთად მის ქალაქში
განხორციელებული მასობრივი ხოცვისას. ეს იყო უმცირესობათა დასახლება, სადაც
2014 წლის აგვისტოში ისლამურმა სახელმწიფომ იეზიდების გენოციდი მოაწყო. თავს
იმით იმართლებდნენ, რომ მათ ,,ეშმაკის თაყვანისმცემლებს“ უწოდებდნენ. ამის შემდეგ
ISIS-მა ასევე მხარი დაუჭირა არამუსლიმ ქალთა სისტემურ გაუპატიურებასა და დამონებას.
ნადიამ დაინახა, თუ როგორ მოუკლეს დედა, რადგან სექსუალური მონობისთვის გასაყიდად
ძალზე მოხუცი იყო. თავადაც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა და ISIS მებრძოლებმა სასტიკი
შეურაცხყოფა მიაყენეს. იგი ხელიდან დაუსხლტა თავის დამატყვევებლებს და საბოლოოდ თავი
დევნილთა ბანაკს შეაფარა.
განვლილმა გზამ ნადიას ისლამური სახელმწიფოს (ISIS) მიერ დევნილ იეზიდ ქალთა უფლებების
ადვოკატირებისკენ უბიძგა.
ნადია იბრძვის იეზიდი ქალების დასაცავად, რომლებიც იძულებულნი არიან იცხოვრონ ამ
კოშმარში. იგი მუშაობს ადამიანის უფლებათა დამცველ ამალ კლუნისთან, რათა დაარწმუნოს
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, დაიწყოს გამოძიება ISIS- ის დანაშაულებთან
დაკავშირებით.
ამ საქმიანობის გამო ნადია იძულებული იყო, არაერთხელ გაეხსენებინა საკუთარი ტრავმები. ამ
მომენტებისგან გათავისუფლება იოლი არ არის, მაგრამ ნადია კარგად აცნობიერებს, რა დგას
სასწორზე მისი თემისთვის: დაახლოებით 5 ათასი იეზიდი დახოცეს, 6.700 გატაცებულია და
იეზიდი მოსახლეობის 90% იძულებით გადაადგილებულია ლტოლვილთა ბანაკებში.
სექტემბერში ნადია დაინიშნა გაეროს კეთილი ნების ელჩად ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა ღირსების დასაცავად. დანიშვნის ცერემონიის დროს
გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ხაზი გაუსვა ნადიას თავდადებას და
შეუდრეკელობას: ,,ნადია საშინელ დანაშაულს გადაურჩა. მე ვტიროდი, როდესაც მისი
ამბავი მოვისმინე. მაგრამ მე არა მხოლოდ მისი ისტორიის გამო ვიტირე. მე ასევე ნადიას
ძალის სიმტკიცემ ამატირა, მისმა სიმამაცემ და ღირსებამ. ის სწორედ იმ სამყაროს
შექმნას ცდილობს, სადაც ყველა ბავშვი მშვიდად იცხოვრებს.“