centers for civic engagement
English
Home 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგების წარდგენა თელავში

30 ნოემბერს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის ანგარიში წარუდგინეს. ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებით, უბნების უმეტესობაზე ხმის მიცემის პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლების აღრიცხვის გავრცელებულ შემთხვევებს.

„სამართლიანი არჩევნების“ კახეთის რეგიონული კოორდინატორის ნანა დევიძის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირები (სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგები) სოციალური ქსელების მეშვეობით ხშირად აზიარებდნენ მმართველი პარტიის კანდიდატების სააგიტაციო მასალებს. მისივე ინფორაციით, ადგილი ჰქონდა ყვარლის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს. აღნიშნულმა პირმა  სამუშაო საათებში ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც, რესურსცენტრისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სახელით,  ეწერა, რომ ის „ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატს ღიად უჭერდა მხარს. აღნიშნული დარღვევის ფაქტზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა.

შეხვედრაზე მნიშვნელოვან პრობლემად წარმოჩინდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესი. დამკვირვებლების შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის მერობის კანდიდატი  გიორგი ბოტკოველი საუბრობდა იმაზე, რომ თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნების“ შტაბიდან წინასწარ მიიღო სია, თუ ვის აირჩევდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად.

საიას  თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის განმარტებით, კენჭისყრის დღეს დარღვევების დიდი ნაწილი რეგისტრატორებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ უბნის შიგნით მოსულ ამომრჩეველთა აღრიცხვას უკავშირდებოდა. მისივე თქმით, აგიტატორები ამომრჩეველთა აღრიცხვას საარჩევნო უბნების ეზოებშიც აწარმოებდნენ.

შეხვედრაზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების გარდა, წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის და ხელის შეშლის ფაქტებზე არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმაც ისაუბრეს. 

თელავში  „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  ნოდარ ეჟიშვილის განაცხადებით, 8 ოქტომბერს მას შეიარაღებული პირი იარაღით დაემუქრა და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა.

ლეიბორისტული პარტიიდან  თელავის მერობის კანდიდატმა ნიკოლოზ ვარდოშვილმა  კი  აღნიშნა, რომ მისი კანდიდატად რეგისტრირების პროცესში ადგილი ჰქონდა თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან ხელის შეშლის ფაქტს: „მან ჩემს წინააღმდეგ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა, რის შემდეგაც თელავის რაიონულმა სასამართლომ 500 ლარით დამაჯარიმა”,- განაცხადა ნიკოლოზ ვარდოშვილმა.

შეხვედრაზე მოწვეული იყო როგორც თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძე, ისე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, თუმცა ისინი არ დასწრებიან შეხვედრას. 

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა