centers for civic engagement
English
Home 

დისკუსია ქუთაისში ადგილობრივ დონეზე კულტურის პოლიტიკის შესახებ

28 სექტემბერს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა-დისკუსია ადგილობრივ დონეზე კულტურის პოლიტიკის შესახებ. აღნიშნულ პრობლემაზე სასაუბროდ მოწვეული იყო ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე.  

შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისში მოქმედი მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ქალაქში არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ლაშა ბაქრაძემ ისაუბრა რეგიონებში კულტურული ცხოვრების მდგომარეობის შესახებ და ადგილობრივი კულტურული ობიექტების დაფინანსების მოდელებზე ევროპული ქვეყნების, კერძოდ, გერმანიის  გამოცდილების გათვალისწინებით.

საქართველოს კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოვალეობებს განეკუთვნება ადგილობრივ დონეზე თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია, ადგილობრივი ბიბლიოთეკების, კლუბების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრებისა და საგამოფენო დარბაზების ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, კულტურის თემატიკა იშვიათად ხვდება პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებსა თუ პროგრამებში.

დისკუსიის მონაწილე ნინო  ჯინჭარაძის განცხადებით, კანდიდატები ამომრჩევლებს ძირითადად პირდებიან სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას და ამ დრომდე, ფაქტობრივად, არავის უმსჯელია კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

კულტურის სფეროთი პოლიტიკური პარტიების ნაკლებად დაინტერესებაზე ისაუბრა სტუდენტმა მზია გელაშვილმაც. მისი თქმით, აუცილებელია, გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში არსებული ბიბლიოთეკების დაფინანსება, რათა მათ ახალი წიგნები შეიძინონ.

საჯარო დისკუსიის მონაწილეებმა ქუთაისში მუნიციპალური კინოთეატრის შექმნის სურვილიც გამოთქვეს. არაერთი დაპირების მიუხედავად, ქალაქში კინოდარბაზი დღემდე არ ფუნქციონირებს და კინომოყვარულებს მხოლოდ ზაფხულის საღამოების ფარგლებში, ღია ცის ქვეშ მიმდინარე კონოკვირეულის დროს შეუძლიათ თანამედროვე, თუ კლასიკური ფილმების ნახვა. სტუდენტმა თეონა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, რომ ქალაქში საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განსახორციელებლად მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამებში ასახვა არასაკმარისია და ამ მიმართულებით განვითარებას, ნებასთან ერთად, წლები სჭირდება.

ლაშა ბაქრაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების პროგრამებში ამომრჩევლის საჭიროებების გასათვალისწინებლად და დაპირებების შესასრულებლად თავად საზოგადოების აქტიურობაა საჭირო: „რასაკვირველია, სხვადასხვანაირი მეთოდები არსებობს საზოგადოების მხრიდან, თუ როგორ შეიძლება გარკვეული ზეგავლენის მოხდენა პოლიტიკურ წრეებზე. მთავარია, რომ საზოგადოება იყოს რაღაცით დაინტერესებული და გარკვეული ძალიხმევა, ენერგია გაიღოს იმ საკითხების გადაჭრისთვის, რომლებიც მას აინტერესებს. ბევრი საკითხია ისეთი, რომელზეც თვითონ საზოგადოებას შეუძლია იზრუნოს. სანამ საზოგადოების წარმომადგენლები ვერ მიხვდებიან, რომ მათაც აქვთ გავლენის მოხდენის საშუალება, რომ მათაც შეუძლიათ ჯგუფი შეკრან, რომელიც ამა თუ იმ საკითხს თავად გადაწყვეტს, მანამდე მუდმივად ვიქნებით შემყურენი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის, მათი იმედებითა და შემდგომ იმედგაცრუებებით, როგორც ხდება ხოლმე“, – განაცხადა მან. 

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა