centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა მიუსაფართა ძაღლების პრობლემასთან დაკავშირებით

16 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ გორის ოფისისა და გორის დარბაზის ერთობლივი ინიციატივით შეხვედრა გაიმართა ქალაქში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის განსახილველად. ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც მოსახლეობას ძალიან აწუხებს და ზოგიერთ უბანში ცხოვრებას შეუძლებელს ხდის, რადგან საგრძნობლად იმატა ძაღლების მიერ დაკბენილმა ადამიანთა რიცხვმა.
შეხვედრაზე ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები, არსამთავრობო სექტორი, კინოლოგები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი, ექიმი „გორმედის“ ანტირაბიული განყოფილებიდან და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები.
შეხვედრის დასაწყისში ექიმმა რაბიოლოგმა დავით გასიტაშვილმა წარმოადგინა სტატისტიკა, რომლის მიხედვით ჩანს, რომ მიუსაფარი ძაღლებით დაკბენილთა რაოდენობა დიდია და გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შესაბამისად ყველა მოქალაქეს, ვინც მათ მიმართავს უტარდებათ ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობა. ძაღლის მეპატრონეებსაც კი დანამდვილებით არ ახსოვთ,  როდის ჩაუტარეს აცრები თავიანთ ძაღლს. შეხვედრაზე ერთ-ერთი დაზარალებულის ოჯახის წევრი დაინტერესდა, თუ რატომ მოუწიათ საფასურის გადახდა, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს ვაქცინაციას და ყველა საჭირო პროცედურას. დავით გასიტაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო აფინანსებს მხოლოდ ვაქცინაციას და არა სხვა ქირურგიულ პროცედურებს, თუ კი პაციენტი არ გადის იმ ნუსხაში ვინც სარგებლობს სპეციალური დაფინასებით.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ლია ჩლაჩიძემ განაცხადა: „მართლაც კატასტროფული ვითარებაა მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში, იქ არ არის არანაირი პირობა შექმნილი როგორც ცხოველებისთვის, ასევე ადმინისტრაციისთვის. მართალია მათ აქვთ დაფინანსება - 100 000 ლარი, მაგრამ აქედან 70 პროცენტი ხელფასებზე მიდის. ჩვენ, ანუ საკრებულოს აქვს ვითარების გამოსწორების კონკრეტული გეგმა და ხედვა. კონკრეტული გეგმა დროში გაწერილია და იგი არ მოიცავს პრობლემის გადაჭრას დაუყოვნებლად. გარდა ამისა, გორის მაჟორიტარი იოსებ მაკრახიძე საკუთარი სახსრებით შეუძენს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარს 3 კონტეინერს, სადაც მოეწყობა ლაბორატორია და განთავსდება ვოილერები ცხოველებისათვის". 
„მე მაინტერესებს რას ვაკეთებთ დღეს, ხვალ, ზეგ, რომ საზოგადოებამ თავი იგრძნოს უსაფრთხოდ“ - განაცხადა მოქალაქე ფიქრია გელაშვილმა. მის ამ რეპლიკას მოყვა აღშფოთება ცხოველების უფლებადამცველების მხრიდან, ისინი ამბობენ, რომ სწრაფი შედეგის მისაღწევად გამოიყენება არაჰუმანური მეთოდები: ევთანაზია და მსგავსნი და ისინი ამას არ დაუშვებენ.
შეხვედრაზე მრავალი აზრი გაჟღერდა, მათ შორის, გაიზარდოს ბიუჯეტი თავშესაფრისთვის; ასევე დაწესდეს წახალისების ფორმა იმ ადამიანებისთვის, ვინც ზრუნავს ცხოველებზე.
შეხვედრის დასასრულს, დამსწრე საზოგადოება შეთანხმდა, რომ შეიქმნას „საპარტნიორო საბჭო“ მიუსაფარ ძაღლების პრობლემასთან დაკავშირებით, სადაც გაერთიანებულნი იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული პირები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია უმოკლეს ვადაში მუნიციპალიტეტმა მიიღოს შესაბამისი რეგულაციები. ინსტრუქტორ-კინოლოგმა ხვიჩა ხარაზიშვილმა, რომელიც სპეციალურად შეხვედრისათვის თბილისიდან ჩამოვიდა, შესთავაზა კონსულტაცია და ტრენინგი უსასყიდლოდ, როგორც ძაღლების მეპატრონეებს, ასევე მოქალაქეებს, იგი ასწავლის თუ როგორ დაიმორჩილონ ცხოველები და როგორ მოიქცნენ აგრესიულ ცხოველებთან. ამ კონკრეტული ინიციატივის განხორციელებაში გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა და მზად არის დაუთმოს სივრცე აღნიშნული აქტივობის ჩასატარებლად.

 
უკან დაბრუნება  
აგვისტო 2018
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა