centers for civic engagement
English
Home 

ქალთა ისტორიის თვე თელავში - ელენე ახვლედიანი, კულტურის რესურსები და ადგილობრივი ისტორიების მნიშველობა

„როდესაც ელენე ახვლედიანი პიკასოს ხვდებოდა, მან იცოდა პიკასოს მნიშვნელობა, მაგრამ იმდენად თავისუფალი იყო, რომ ძალიან ცნობილი ნახატის „ზამთარი კახეთში“ მიყიდვაზე უარი უთხრა. სამაგიეროდ, მოდილიანს გაუგზავნა ეს ნახატი, აჩუქა“,- ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ნინი სანადირაძემ, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ინიციატივით, თელავში, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გამართულ ტურზე ისაუბრა.
ელენე ახვლედიანის ქუჩაზე, კულტურის მენეჯმენტის პროფესორმა, თელავის ცხრა საჯარო სკოლის მოსწავლეს მხატვრის ცხოვრებისა და დამსახურებების შესახებ უცნობი ისტორიები გააცნო. ნინი სანადირაძის თქმით, ელენე ახვლედიანი ქართული მხატვრობის ოქროს ფონდის ერთ-ერთი განსაკუთრებული წარმომადგენელია.
„ძალიან საინტერესოა, იმ პერიოდის უცხოელი კოლეგების ჩანაწერები ელენე ახვლედიანის შესახებ, სადაც წერენ, რომ ქართველი ქალის ნახატები იყო ხალიჩა. ელენე ხალიჩასავით ხატავს. ოღონდ ხალიჩა არაფერ შუაშია, ის ფერია მთავარი და ნამდვილი. ძალიან საინტერესოა, მისი პირველი მასწავლებლის სიტყვები, რომელიც ელენეს დღიურში აქვს ჩაწერილი - ქართველი ქალის ხატვა მე არ ვიცი როგორია, ქართველი ქალი ხატავს ხალიჩებით და ფარდაგებით. ელენეს ნახატებში ეთნომეხსიერება ჩანს ძალიან კარგად. ელენე ახვლედიანს ჰყავდა ქმარი. ცნობილია, რომ მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდათ, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ბოლომდე ერთად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი წელი დიდი მეგობრობა ჰქონდათ“- აღნიშნა ნინი სანადირაძემ.
მისივე თქმით, ფასდაუდებელია ელენე ახვლედიანის, როგორც საზოგადო მოღვაწის ღვაწლიც. „დღეს, როდესაც თბილისის ურბანულ რუკაზეა ლაპარაკი, აღარავინ ახსენებს ყაველაშვილის პროექტებს, რომელმაც თბილისის პირველი ურბანული რუკა 1982 წელს, ელენე ახვლედიანის ჩანახატების მიხედვით გააკეთა. ურბანული ხაზი - სახლების სიმაღლეები, ყველგან რომ ჩანდეს ნარიყალა, მთაწმინდა. ისევე როგორც ყველა მხრიდან უნდა ჩანდეს ნადიკვარი, კავკასიონი და ალაზანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რას ეპრანჭება ქალაქი“.
ღონისძიების მეორე ნაწილი კულტურის რესურსების და ადგილობრივი ისტორების მნიშველობის შესახებ ვორქშოპს დაეთმო. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის, თელავის წარმომადგენლობის ოფისში, ნინი სანადირაძემ ისაუბრა კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, კულტურის განვითარებაში ადგილობრივების და საზოგადოების როლზე, განიხილა არსებული მდგომარეობა და შეაფასა ამ კუთხით არსებული პრობლემები.
„სამწუხაროდ, დღეს, თელავი და თბილისი აღარ არის არაფრის გასწვრივ. ამ ყველაფერს უსიყვარულობით ვხსნი. მე უნდა ვიცოდე, რატოა ჩემი სახლი და ქუჩა მნიშვნელოვანი. თუნდაც იმიტომ, რომ იქ ელენე ახვლედიანი ცხოვრობდა, თუნდაც იმიტომ, რომ იქ ვიღაც გოგო იყო, რომელიც ვიღაცას უყვარდა, ან კარგ მურაბებს ხარშავდა. ვიღაც კაცი ცხოვრობდა, რომელსაც არავინ უყვარდა, ოღონდ ესეც ისტორიაა. ნებისმიერ ადგილს და ქუჩას აქვს ასეთი ამბები. შეიძლება ეს იყოს ადგილი, სადაც არამარტო პირადი ისტორიაა. თელავი ძალიან ერეკლესეულია და ბევრია ადამიანი, ვინც შეიძლება იყოს თელაველი და თელავისთვის მნიშვნელოვანი, შეიძლება არ იყოს სახელმწიფო მნიშვნელობის, ოღონდ გააჩნია რას ვეძახით „სახელმწიფო მნიშვნელობას“, ის რაც გვჭირდება რომ იყოს, თუ ის რასაც ქმნის სახელმწიფო“,- ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, კულტურის და განათლების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა არ იყოს ფოკუსირებული მხოლოდ დედაქალაქზე და ის ყველა რეგიონს ერთნაირად ჰქონდეს. მისივე თქმით, ქალაქის და იქ მაცხოვრებლების შესახებ ისტორიების შეგროვება საუკეთესო საშუალებაა, ეკონომიკურად განვითარდეს ქალაქი, რადგან სწორედ ისტორიული ნაწილი იზიდავს ტურისტებს.
„კულტურა უნდა იყოს ხელმისაწვდომი თანაბრად ყველასთვის. სამწუხაროდ, 70-იანი პერიოდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცენტრისტული გახდა. მუსიკალური სკოლები არის იმიტომ, რომ უნდა იყოს, საგანმანათლებლო სკოლები არის იმიტომ, რომ უნდა იყოს და არა იმიტომ, რატომ უნდა იყოს.
ღონისძიებაში საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს კულტურის სფეროთი დაინტერესებულმა მოქალაქეებმა.
უკან დაბრუნება  
აპრილი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა