centers for civic engagement
English
Home 

კამპანია „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ - გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისში

26 თებერვალს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისში გაიმართა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრა კამპანიის „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ ფარგლებში შედგა. კამპანიის მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება იყო.
წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა. აღნიშნული თარიღი მიმდინარე წლის 26 მაისს საზეიმოდ აღინიშნება.
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას პრეზიდენტმა მიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდა.
„წელს საზეიმო მიზეზი გვაქვს - 100 წელი უსრულდება პირველ რესპუბლიკას. ჩვენმა წინაპრებმა დააფუძნეს რესპუბლიკა, დააფუძნეს დემოკრატიული მმართველობა, მიიღეს პირველი კონსტიტუცია - მაღალი დემოკრატიული სტანდარტების დოკუმენტი, მიანიჭეს ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, საფუძველი ჩაუყარეს იმ ხედვებს, რომლითაც მომავალმა თაობებმა იხელმძღვანელეს და ამ პრინციპებზე დაყრდნობით ააგეს შემდგომში ახალი კონსტიტუცია და დამოუკიდებელი სახელმწიფო“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კამპანიის „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ“ ერთერთი მიზანი სწორედ თავისუფლებისაკენ სვლისა და სწრაფვისას, განვლილი გზის, დამოუკიდებლობის ასწლიანი პროცესის გაანალიზებაა.
"ჩვენ ჩვენი ფიქრით უნდა ჩავერთოთ ამ კამპანიაში - მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთონ ახალგაზრდები, მომავალი თაობა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ჩვენ გამოვაცხადეთ ესეების კონკურსი, კონკურსის შედეგად შერჩეულ ერთიან ნააზრევს გამოვცემთ კრებულად, რათა ჩვენი ნაფიქრალი დარჩეს მომავალ თაობებს. ჩვენი მიზანია შევაჯამოთ პირველი რესპუბლიკის ასწლეული - დავფიქრდეთ, როგორ ვაფასებთ წარსულს და გამოვხატოთ ჩვენი იმედები, როგორ ვხვდებით ახალ ასწლეულს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო და თავი დააღწია რუსეთის იმპერიას, თუმცა რუსეთის ფედერაციამ არ დათმო მთლიანად საქართველო და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ოკუპანტები განაგრძობენ უკანონო ქმედებებს. ამ დღეებში მოკლულია ერთი და დატყვევებულია რამდენიმე საქართველოს მოქალაქე.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმს ჩვენთან ერთად გაიზიარებენ და შემოგვიერთდებიან ევროპული სახელმწიფოები და მათი ლიდერები, ეს თარიღი იქნება საზომი იმისა, რამდენად მხარდაჭერილია საქართველო, რამდენი მეგობარი ჰყავს ჩვენს ქვეყანას და რა მიზნებისკენ ვმოძრაობთ.

კამპანიის მნიშვნელობის გაცნობის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ძირითადი საუბრები ადგილობრივ პრობლემებს შეეხო. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესუბულმა პირებმა პრეზიდენტს დახმარება პატიმრების შეწყალებისა და სოციალური პრობლემების მოგვარების მიმართულებით სთხოვეს.
სალომე ქირია მარნეულის ერთ-ერთ სოფელში ქართულს ასწავლის. მან აქცენტი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე გააკეთა, როგორიცაა სკოლაში ბულინგი, ძალადობა, ასევე კადრების პრობლემა, რომელზეც მთავრობას, მისი აზრით, ალტერნატიული გზების მოძებნა შეუძლია. დისკუსიის მიმდინარეობისას ძირითადი საკითხები განათლებას, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას და ასევე, სახელმწიფო ენის შესწავლას ეხებოდა.
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული ენის სწავლება მნიშვნელოვანია, დიდ რესერსურს მოითხოვს, რაც ძლიერი სახელმწიფოს შექმნას შეუწყობს ხელს. საქართველოს პრეზიდენტისთვის დასმულ კითხვაზე ხომ არ ემუქრება ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ასიმილაცია, პრეზიდენტმა კონკრეტული მაგალითების მოყვანა სთხოვა. რადგანაც მიიჩნევს რომ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს: „იმიტომ კი არ გასწავლი ქართულს, აზერბაიჯანული რომ დაივიწყოთ. იმიტომ გასწავლი ქართულს, რომ შენი აზრი გავიგო ტელევიზორში, იმიტომ გასწავლი ქართულს, რომ შენ მიერ დაწერილ რაღაცას (აზრს) მინდა რომ მოვუსმინო. ამიტომ მინდა გასწავლო ქართული, რომ შენ (აზერბაიჯანელმა) უფრო ადვილად ჩააბარო უმაღლეს სასწავლებელში. იმიტომ მინდა გასწავლო ქართული, რომ შენ ეკონომიკურ პროცესებში არ გიჭირდეს ამ ქვეყნის უფრო ძლიერი მოქალაქე იყო. ამიტომაც მე ფულს ვდებ ქართული ენის შესწავლაში, იმიტომ რომ მე შენ და შენი თანამოძმეები მჭირდებით, რომ ძლიერი საქართველო შევქმნათ. ეს არ არის ასიმილაცია. ეს არის თქვენი მოქალაქეებად ჩამოყალიბება. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ერთამნეთს ვერ გავუგებთ. იმიტომ რომ ერთ ენაზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომაც ამაში იდება ინვესტიცია და ეს სწორია. ამავე დროს, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა განავითაროთ თქვენი კულტურა, წეს-ჩვეულებები. მე არ ვიცი ასეთი შემთხვევა, მაგრამ თუ ვინმემ აგიკრძალათ თქვენ, მაგალითად, ადგილობრივი ანსამბლის შექმნა, სხვადასხვა წრეების... თქვენ არავინ არ გიგრძალავთ თქვენი კულტურის შენარჩუნებას. პირიქით გარკვეული მხარდაჭერაც არის. აზერბაიჯანელი წარმოშობის საქართველოს მოქალაქემ აუცილებლად უნდა ისწავლოს ქართული, აუცილებლად უნდა იყოს აქტიური ქართველი ბიზნესმენი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი, კულტურის მოღვაწე, ჟურნალისტი. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ერთიანი სახელმწიფო გვჭირდება“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა